Tag Archives: ავტობუსოფართი

თავდასხმა

22 May

ორი დღეა, რაღაც თავდასხმაა ჩემს თავს, ვიფიქრე თუ მესამედაც გაგრძელდა დავწერ მეთქი, მაგრამ სულსწრაფობამ მძლია და მესამე დღესაც აღარ დაველოდე.

ცრუმორწმუნე რომ ვიყო, ამ შემთხვევებს რაიმეს დავაბრალებდი, და ნიშანს მივაწერდი, რა ნიშანს ეგ უკვე დამოკიდებული იქნებოდა როგორ ხასიათზე ვიქნებოდი, ცუდისკენ წავიყვანდი საქმეს თუ კარგისაკენ, მაგრამ რეალურად ყველაფერს გაზაფხულს ანუ გამოღვიძებულ ბუნებას ვაბრალი.

ნუციკო(ჩემი მეგობარი)ამ ამბავს რომ გაიგებს არ გაუკვირდება, რადგან დარწმუნებული ვარ, კარგად ახსოვს ჩემი თავი ორ სკამზე ერთდროულად შემომხტარი, იატაკის ჯოხით ხელში, როგორ ვებრძოდი ოთახში შემოპარულ ხვლიკს, რომელიც ჩემი წიოკის მიუხედავად ადგილიდან არ იძვროდა, ეჰ, ნინ, სად არ იყავი დღეს, კრინტიც კი არ დამიძრავს, სანამ ათსანტიმეტრიანი კალია გარეთ არ გავსვი, უზრდელი, არც ის გეგმავდა განძრევას სანამ “ტაშტი” არ დავამხე და შემდეგ პარკი ამოვაცვი უფრო მეტი დაცულობისთვის, ვაი თუ გახვანხვალებულიყო!! მხოლოდ მაშინ ამომხდა ყვირილი, როდესაც უკვე გაძევებული კალია  პარკის ქვევიდან მიხვდა, რომ რაღაც ხდებდა მის თავს და ახტა!! იქ უნდა გენახა როგორ შევხტი და სახლში ტყვიასავით შემოვარდი.

ოჰ, ამის წინამორბედი ამბავი არ მომიყოლია…გუშინ სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი, როდესაც ზურგს უკან ხმაური შემომესმა, ფანჯრის მხრიდან, უკან ნელა მივტრიალდი, ხომ იცით, საშინელებათა ფილმებში რომ ხდება და რომ ვფიქრობთ: არ  მიტრიალდე!!გაიქეცი!! გასაქცევი არსად მქონდა და მეც მოვტრიალდი, მოტრიალება იყო და…თუ არ ვცდები ჩხიკვი იყო, აი მოზრდილი მტრედისხელა,ლამაზი კი იყო ეგ ოხერი… ცხვირამდე მოფრინდა და შემდეგ უკან გაბრუნდა და ფანჯარასთან ახლო-მახლო დასკუპდა, ისე რომ თვალის შევლება მოვასწარი…

და რატო წამოვიწყე ეს პოსტი, იმისათვის რომ მეკითხა რაიმეს ხომ არ ნიშნავს-თქო? არა, ალბათ კარგი მოგონებები გამიღვიძა ამ ამბებმა და მინდოდა ნინიკოსთვისაც მეთქვა რომ ძალიან მომენატრა და აუცილებლად დავპატიჟებ მომავალში “ავტობუსოფართიზე” რომელიც დიდი ხნის წინ დავგეგმეთ…

მოკლედ,ჩემო ლამაზო ხალხო, ამ პოსტით, ტკბილ მოგონებებს გაუმარჯოოოს!! 😀

ფოტო გადაღებულია ნუცას დაბადების დღეს,2009 წელს,ერთ-ერთ ყველაზე საყვარელი დღე,ალბათ არ მიწყენს 🙂

Advertisements